ქალები განათლებაში – ქალი ლექტორები

როგორც იცით, მარტი მხოლოდ გაზაფხულის პირველი თვე არ არის, ის ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის თვეა, სწორედ ამ ბრძოლის შედეგია ის, რომ თანამედროვე სამყაროში, გოგონებს თანასწორ უფლებებზე ღიად საუბარი, სრულფასოვანი განათლების მიღების საშუალება და მეტიც ამ განათლების სხვებისთვის გაზიარების შესაძლებლობა აქვთ და არა მხოლოდ.

სწორედ ამიტომ, დღევანდელ ბლოგში გაგაცნობთ ლექტორებს, რომლებიც სტუდენტებს  საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ყოველდღიურად უზიარებენ,  წინ ნაბიჯის გადადგმასა და მომავლის უკეთესობისკენ შეცვლაში ეხმარებიან.

თითოეული მათგანის, როგორც ლექტორის პერსპექტივიდან დანახული განათლება, მისი გამოწვევები, ზოგადი როლი და ქალთა იდენტობა ამ სფეროში, ჩავთვალეთ რომ მკითხველისთვის საინტერესო  და მეტიც, შეიძლება ახალი სფეროს შესწავლის მოტივაციაც  იქნებოდა.

 

ნინო კახურაშვილი

Eacademy, ლექტორი

განათლებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის ცხოვრებაში. ის  მთავარი ფუნდამენტია ადამიანის განვითარებაში, მისი აზროვნებისა და გემოვნების ჩამოყალიბებაში. განათლება გვმატებს თავდაჯერებულობას, გვეხმარება სოციალიზაციაში. ზოგადად ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაში განათლების როლი უმნიშვნელოვანესია. ის ალბათ ყველაზე ძლიერი იარაღია რომ შევცვალოთ როგორც საკუთარი, ასევე სხვების ცხოვრება უკეთესობისკენ. დღევანდელ ცხოვრებაში ძირითადად აქცენტი კეთდება მომავალ კეთილდღეობაზე, დასაქმებაზე, მაღალ ანაზღაურებად სამსახურებზე, რაც თავისთავად მნიშნელოვანია, თუმცა განათლება კიდევ უფრო მეტია, ის გვიყალიბებს სწორ ღირებულებებს, გვეხმარება შევიცნოთ საკუთარი თავი და გავხდეთ იმაზე უკეთესები ვიდრე გუშინ ვიყავით.

 

 

ქალის როლი თანდათან ყველა სფეროში იზრდება. წლების წინ ქალებისათვის მკაცრად იყო განსაზღვრული პროფესიები, თუ რა იყო ქალის საქმე. თუმცა დღეისათვის ეს ზღვარი ნელ-ნელა იშლება. იყო დრო მიიჩნეოდა რომ ქალს განათლება არ სჭირდებოდა, მისი მთავარი საზრუნავი საოჯახო საქმეები იყო, თუმცა თანამედროვე სამყაროში ყველაფერი იცვლება. ქალები არიან თითქმის ყველა სფეროში და დიდ წარმატებასაც აღწევენ. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა ქალთა ჩართულობა ტექნოლოგიებში. თუ ადრეულ წლებში განათლების მიღებაც კი შეზღუდული ჰქონდათ ქალებს, ახლა ყველა სფეროში მათი დიდი აქტიურობა შეინიშნება. განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ადამიანისათვის, ის ყველას სჭირდება.  აუცილებელია მშობლებმა გააცნობიერონ რომ განათლება ქალებისთვის ისეთივე მნიშვნელვანია, როგორც კაცებისთვის. მნიშვნელოვანია თანასწორობა და ერთნაირი მოპყრობა, სასწავლო პროცესში. ქალთა ჩართულობა განათლებაში კიდევ უფრო მეტ ქალს მისცემს მოტივაციასა და შესაძლებლობას, დაარღვიონ გავრცელებული სტერეოტიპები, მიიღონ განათლება, მოახდინონ თვითრეალიზაცია, დასაქმდნენ და დაიმკვიდრონ ღირსეული ადგილი საზოგადოებაში.

ხშირად აღნიშნავენ ადამიანები, რომ დროულად ვერ მიიღეს განათლება სხვადასხვა ფაქტორების გამო (ფინანსების არ არსებობა, ადრეული ქორწინება, მხარდაჭერის არ ქონა ოჯახისგან და ა.შ). ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, კვლავ რჩება ზოგიერთ რეგიონსა და ეთნიკურ ჯგუფებში გავრცელებული მოსაზრება, ქალს განათლება არ სჭირდება, რაც ჯერ კიდევ ბევრ ქალს უზღუდავს განათლების მიღებას, ასევე ფინანსებს არ არსებობა. დღეისათვის ინტერნეტ სივრცეში უამრავი რესურსია, რომელიც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ განათლება, დავეუფლოთ ახალ პროფესიებს. განათლების მიღება გვიანი არასოდეს არაა. დახარჯეთ დრო და ძალისხმევა, ჩადეთ ინვესტიცია განათლებასა და პიროვნულ განვითარებაში. ამ გზაზე შესაძლოა შეგხვდეთ სირთულეები, საწყის ეტაპზე ვერ დასაქმდეთ, ვერ მოიპოვოთ ღირსეული ანაზღაურება, უპირატესობა მიანიჭონ კაც კანდიდატს და უარი მიიღოთ გენდერის გამო, ან თქვენს ნაცვლად სხვა დაასაქმონ ნეპოტიზმით, თუმცა არ დანებდეთ, საბოლოოდ ცოდნა და განათლება ყველა კარს აღებს.  

 

 

მარიამ ბეროძე

Smart fish, ლექტორი

ჩემთვის განათლება არასდროს ყოფილა უნივერსიტეტში გატარებული წლების პირდაპირპროპორციული ცნება. ზოგჯერ, წლების განმავლობაში, ვცდილობთ დავეუფლოთ კონკრეტულ პროფესიას, მაგრამ რაღაც ეტაპზე ვხვდებით, რომ არაფერი გამოდის. 

პირველ რიგში, აუცილებელია, ის სფერო ვიპოვოთ, რომელიც ნამდვილად მოგვწონს და გვიყვარს. სწავლის ახლიდან დაწყება რომ გვიანი არასდროსაა, საკუთარ თავზე გამოვცადე. როცა არაბისტიკის დასრულების შემდეგ ციფრული სამყარო აღმოვაჩინე, მაშინ მივხვდი, რომ ათასჯერაც დავიწყებდი ყველაფერს თავიდან, ათასჯერაც მოვძებნიდი, ოღონდ ეს საქმე მეპოვა.

მჯერა, რომ განათლებას ვიღებთ მხოლოდ მაშინ, როცა არ ვწყვეტთ ახალი ინფორმაციის ძიებას, ინტერესების გამოკვებას და შრომას საკუთარი თავის განვითარებისთვის. განათლება ნიშნავს ცოდნას, ცოდნა კი გვეხმარება, რომ დავინახოთ პერსპექტივები: საით წავიყვანთ საკუთარ ცხოვრებას, რომელია გზა, რომელსაც კრიტიკულ მომენტში ავირჩევთ, როგორ შევცვლით და შევიცვლებით უკეთესობისკენ?! 

ჩემთვის ქალების ჩართულობა განათლებაში სრულიად ბუნებრივი პროცესია, რომელსაც წესითა და რიგით, საერთოდ არ უნდა სჭირდებოდეს ხაზგასმა. თუმცა, სამწუხაროდ, ყველაფერი ყოველთვის ისე არაა, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია ხოლმე. 

ჩემ გარშემო მრავლად იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ქალის დანიშნულება ოჯახის შექმნა, შვილების გაჩენა და მოვლაა. ცხადია, დაოჯახებასა და ოჯახზე ზრუნვაში ცუდი არაფერია და პარალელურად განათლების მიღებაც შესაძლებელია, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ არჩევანია და არა – ვალდებულება. ვფიქრობ, რომ მდგომარეობა ნელ-ნელა უკეთესობისკენ იცვლება. ამ გარემოში განათლება საუკეთესო გზაა მსგავსი სტიგმების აღმოსაფხვრელად. 

ყოველთვის ძალიან ბევრი რამ მაინტერესებდა და ვცდილობდი, რომ ეს ინტერესები დამეკმაყოფილებინა. სოფელში დავამთავრე სკოლა და მიუხედავად იმისა, რომ განათლების ხარისხით უკმაყოფილო არ ვიყავი, მოგვიანებით გავიაზრე, რომ თითქმის არაფერი ვიცოდი თანამედროვე პროფესიების შესახებ. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, მივხვდი, რომ ყველა ლექტორი ვერ მაძლევდა იმ ცოდნას, რაც მჭირდებოდა.

ალბათ, ამიტომაც, როცა Smart Fish Academy-დან დამიკავშირდნენ და ლექტორობა შემომთავაზეს, თავდაპირველად ძალიან შემეშინდა. ვფიქრობდი, საქმეს რამდენად გავართმევდი თავს, რამდენად გავუმართლებდი სტუდენტებს მოლოდინს. არ მინდოდა, რომ ვინმესთვის დანაკლისის შეგრძნება დამეტოვებინა. შემდეგ გადავწყვიტე, რომ თუ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით ადამიანებს საყვარელ პროფესიას ვაპოვნინებდი, ამაზე კარგს ნამდვილად ვერაფერს გავაკეთებდი. 

ჩემი მოტივაცია პირველი ლექციიდან ბოლო ლექციამდე შესრულებული დავალებების კითხვა და შედარებაა. ნამდვილად წარმოუდგენელი სიამოვნებაა, როცა უყურებ, როგორ აუმჯობესებს სტუდენტი ქოფირაითერის სქილებს და იაზრებ, რომ ამ პროცესში შენი წვლილიცაა. 

განსაკუთრებულად მიხარია, როცა წარმატებების შესახებ გვწერენ და ამ მნიშვნელოვან მოვლენას ჩვენთან ერთად აღნიშნავენ.

 

 

თათა სვანაძე 

Academy of digital Industries, ლექტორი

 განათლება ადამიანს ანიჭებს თავისუფლების შეგრძნების უნარს. განათლება არის საშუალება,  განსხვავებული რაკურსით აღვიქვათ სამყაროში მიმდინარე მოვლენები.

ჩემთვის ქალების ჩართულობა განათლებაში – გენდერული ბალანსის დაცვას ნიშნავს.

ევროპაში განათლების მიღების პროცესში, ვცდილობდი გამევლო პარალელები ჩვენს არქიტექტურულ სკოლასა და ევროპულ სკოლებს შორის. დავწრმუნდი, რომ აუცილებელია გქონდეს კარგი განათლება შენს ისტორიაზე, წარსულსა და კულტურაზე, რადგან  ბევრი  ინფორმაციისა და მრავალფეროვანი კულტურის ფონზე,  შევძლოთ თანაარსებობა არსებულ კულტურებთან ისე, რომ არ დავკარგოთ ჩვენი იდენტობა. 

ამ სფეროში დაინტერესებულ სტუდენტებთან ურთიერთობა, ჩემი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება – მათთან დიალოგი.

 

ზემოთ ჩამოთვლილი სამივე აკადემია, თქვენი ინტერესების მიხედვით კურსების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. upway-ზე კი, მარტივად შეძლებთ იპოვოთ ის, რაც ნამდვილად გაინტერესებთ და გადადგათ კიდევ ერთი ნაბიჯი თვითგანვითარებისკენ!

 

 

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა