![](https://upway.ge/wp-content/uploads/2023/04/ქავერი-2.png)
თანამედროვე ბავშვები დიდ დროს ატარებენ ეკრანებთან და სმარტფონებთან. როგორ უნდა მოვიქცეთ, ავუკრძალოთ? არ მგონია. ეკრანებთან გატარებული დრო შეგვიძლია მათთვის საინტერესოდ და სასარგებლოდ გამოვიყენოთ.
ამ სფეროში ექსპერტად არ გამოვდგები, მაგრამ საკუთარი შვილის მაგალითზე შემიძლია ვისაუბრო.
თუ ინგლისური და კომპიუტერი იცი, თითქმის ყველაფრის სწავლას შეძლებ. ეს შეიძლება ხუმრობად ჟღერს, მაგრამ ასეა. კომპიუტერს, დიდი ალბათობით, ვერ ასცდებიან, ამიტომ მოდით მათ წარმატებულ მომავალზე ზრუნვა ინგლისურით დავიწყოთ.
მაქსიმე 7 წლისაა და თავისუფლად საუბრობს ინგლისურად. როგორ? Youtube! ბავშვობიდან ყველაფერს ინგლისურად უყურებს. შედეგად, კარგად ესმის და გაუმართავად, მაგრამ თავისუფლად საუბრობს.
4 წლისა დაინტერესდა მათემატიკით. როცა მაგალითების მოგონებით “შემაწუხა”, ტელეფონში აპლიკაცია დავუყენე და დავისვენე. ბევრი აპლიკაცია არსებობს. ასაკის შესაბამისად შეგიძლია აირჩიო მაგალითების სირთულე. მსგავს თამაშებს კარგი ის აქვთ, რომ არასწორი პასუხები ვიზუალურადაც კარგად ჩანს და რამდენიმე შეცდომის შემდეგ ბავშვი გაუაზრებლად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იმახსოვრებს, რა არის სწორი პასუხი. მათემატიკაც ხომ ეგაა, რაღაცებს იმახსოვრებ და გამოთვლაზე დრო არ გეკარგება.
ლოგიკური აზროვნებისთვის კარგია ფაზლის ტიპის თამაშები, რომელიც ასევე მრავლად მოიპოვება. აქაც ძალიან კარგად მუშაობს ვიზუალური ასპექტი. ბავშვი, რომელმაც კითხვა არ იცის, რამდენიმე შეცდომის შემდეგ ხვდება ამოცანის პირობას.
საბაზისო პროგრამირების შესწავლა 5 წლიდან არის რეკომენდებული. ინტერნეტში მრავლადაა გვერდები, რომელიც ბავშვს კოდის წერის საფუძვლებს მარტივად, ნახატების საშუალებით ასწავლის. ჩვენ ეს codemonkey.com კონკრეტული აპლიკაცია გამოვიყენეთ, სადაც მაიმუნს ეხმარები ბანანების მოპოვებაში. პროცესი მართლა სახალისო და საგანმანათლებლოა. მეორე ეტაპზე, როცა დავალებები გართულდა, ინტერესი გაუქრა და სხვა თამაშებზე გადაერთო, მაგრამ ცოტა ხანში ისევ შევაპარებ.
თუ ბავშვმა კითხვა იცის, პროგრამირების შესწავლის საუკეთესო გზა Scratch პლატფორმებია, სადაც გამზადებული ბლოკებით შეუძლია პერსონაჟები ამოძრაოს და მარტივი თამაშები შექმნას. Scratch-ის ბევრი პლატფორმა არსებობს. შეგიძლიათ გამოიყენოთ scratch.mit.edu უფასო ხელსაწყო, რომელიც ყველა თანამედროვე ბრაუზერზე მუშაობს.
როცა ბავშვი Scratch პლატფორმას კარგად აითვისებს, შემდეგ უკვე სასურველია უშუალოდ კოდის წერაზე გადავიდეს. ამ მხრივ საუკეთესოა პროგრამირების ენა Python, რომელიც მარტივ სინტაქსებს მოიცავს.
რეკომენდაციის სახით გიტოვებთ რესურსს, codemonkey.com სადაც არის როგორც ინდივიდუალური (მშობელი + ბავშვი), ასევე საოჯახო (მშობელი + 3 ბავშვი) პაკეტი და შეგიძლიათ ნულიდან დაიწყოთ სწავლა, დააკვირდეთ პროგრესს ონლაინ რეჟიმში.
გარდა ონლაინ პლატფორმებისა, რომლებიც ბლოგშია ნახსენები, არაერთ საინტერესო საბავშვო კურსს ნახავთ აფვეიზე, რომელიც სხვადასხვა ინტერესის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს ძალიან მოეწონებათ.
ავტორი: ნათია (კუდა) ბარაბაძე