303Hz აფვეის დიდი ხნის პარტნიორი და მეგობარია. ელექტრონული მუსიკის სკოლა – 303Hz, მუსიკით დაინტერესებულ სტუდენტებს ფანტასტიურ შესაძლებლობას სთავაზობს, პრაქტიკულ რეჟიმში შეისწავლონ ესა თუ ის მიმართულება და პროფესიონალი ლექტორების ხელმძღვანელობით დაეუფლონ მუსიკის შექმნას.
დღევანდელ ბლოგში 303Hz – ის ხელმძღვანელი, ქეთა ჯინჭარაძე ჩვენს კითხვებს გასცემს პასუხს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს საინტერესო ინფრომაციას გაუზიარებს.
ქეთა, მოგვიყევით 303HZ-ის აკადემიაზე, რა კურსები გაქვთ და რას სთავაზობთ მომხარებლებს?
303Hz – ეს არის ელექტრონული მუსიკის სკოლა, რომელიც აერთიანებს ძირითად ორ მიმართულებას : Music Production და DJing.
Music production ჩვენთან რამდენიმე კურსს მოიცავს, რომლებიც ლოგიკური ჯაჭვით ებმის ერთამენთს. ინდუსტრიის შესწავლა იწყება Ableton Live -ის კურსით, სადაც 2 თვის განმავლობაში სტუდენტები ეუფლებიან პროგრამის სრულ ინტერფეისს. მომდევნო კურსი არის – მუსიკის თეორია, რომელიც არის 1 თვიანი ინტენსიური კურსი და აქ ჩვენთან ფეხადგმული პროდიუსერები ჰარმოანიასთან დაკავშირებულ პრობლემებს აგვარებენ და ძალიან მარტივად ასრულებენ უკვე ბევრ დაუსრულებელ პროექტს, რაც თითქმის ყველა პროდიუსერის პრობლემაა ხოლმე .
ამ კურსს მოსდევს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება -Mixing in a box , სადაც ხმის ბალანსირებას სწავლობენ და ამ კურსის გავლა ეხმარებათ ფართო აუდიტორიას გააცნონ თავიანთი შემოქმედება, რადგან ამ კურსის გავლის შემდეგ მათი მუსიკალური ნაწარმოებები ნებისმიერ საუნდ სისტემაზე უკვე თამამად , სუფთად და სასიამოვნოთ იჟღერს.
Production-ის მიმართულებით ბოლო კურსი ამ ეტაპზე გვაქვს Live performance, სადაც სწავლობენ სტუდენტები ლაივში დაკვრის სხვადასხვა ტექნიკებს და პერფორმანსისთვის სწორად მზადებას. მეორე მიმართულება კი დიჯეინგია, რომელიც 2 თვიან კურსს მოიცავს. 2 თვის განმავლობაში პირველი 8 სასწავლო შეხვედრა ეთმობა ფირფიტსაკრავის სრულად შესწავლას , თეორიასა და პრაქტიკას, რა დროსაც სტუდენტები ავარჯიშებენ ყურს, და ხვეწავენ დიჯეინგის უნარებს. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში კი, სტუდენტები გადადიან ციფრულ ნაწილზე და ეუფლებიან CDJ ზე დაკვრის ტენქნიკებს. ხშირად პროდიუსინგი და დიჯეინგი ერევათ იმ ადამიანებს , ვინც ახლა იდგამს ფეხს ამ სფეროში. დიჯეინგი უკვე არსებული ტრეკების გადამიქსვაა, აქ გემოვნება და ტექნიკურობაა მთავარი. კარგი დიჯეი კარგი სელექტორია, ეს ასეა, შესაბამისად ეს პროცესი რამდენადაც მარტივადაც არ უნდა ჩანდეს, იმდენად ორმაგ დატვირთვას და შრომას გულისხმობს. მუდმივად მუსიკალური ნაწარმოებების ძიებაში ხარ, ჟანრებში “იქექები”, ცდილობ მაქსიმალურად ახალი გამოშვებული “ტრეკი” იყიდო, გადმოწერო და ჩასვა შენს სეტში და მსმენელამდე მიიტანო. დიჯეი არტისტები ძირითადად გემოვნებით ფასდებიან, ტექნიკურად რამდენად კარგად უკრავ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხშირად ვვარჯიშობ, ცდილობ ნებისმიერი ზემოქმედებით, რის საშუალებასაც გაძლევს მიქსერი, გადამიქსო ტრეკები და მოუხდინო ერთმანეთს ორი ან მეტი მუსიკა.
მართალია, რთულია მთლიან სეტში დაიჭირო ერთი ხასიათი, მაგრამ საბოლოოდ სწორედ ესაა ის, რასაც მსმენელი აფასებს. რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტ მუსიკას მოუსმენ და შეაგროვებ, მით უფრო მეტი და მრავალფეროვანი საშუალება გექნება “მუსიკით ილაპარაკო” და ეს საინტერესოსთან ერთად ღრმა იყოს.
ჩვენს სტუდენტებს გამოწვევა აქვთ, რომ 15 ლექციის განმავლობაში ნელ-ნელა მოემზადონ სეტისთვის, რომელიც ბოლო გაკვეთილზე იწერება და ივარჯიშონ ამ 1 საათისთვის თავდაუზოგავად. ნებისმიერ სეტს ეტყობა რამდენად არის ჩადებული შრომა, ენერგია და ხასიათი. ზედაპირულად მიდგომას მსმენელი აუცილებლად გრძნობს და მათ ვერასდროს მოატყუებ. ამიტომ, პირველ რიგში, შრომას და საქმის სიყვარულს ვასწავლით სტუდენტებს, რომ შემდგომი ნაბიჯების განმავლობაში ეს ცოდნა სწორად და ნაყოფიერად გამოიყნონ.
რა რჩევებს მისცემდით დამწყებებს?
ამ ინდუსტიაში ფეხის შემოდგმა სულაც არ არის დამოკიდებული რამდენად გამოცდილი ხარ მუსიკაში. სრულიად ნულიდანაც შესაძლებელია დაიწყო სწავლა, თუმცა უმნიშვნელოვანესია, რომ გულწრფელად გაინტერესებდეს. ბოლო დროს ტენდენციასავითაა სხვადასხვა სფერო და გარკვეული დროის შემდეგ, “მოდიდან გადადის ხოლმე.”
როცა რაიმე ახალი გვინდა ვისწავლოთ და დავეუფლოთ, ხშირად გვავიწყდება გულწრფელობა და საკუთარი თავის მოსმენა. მართლა გვაინტერესებს? თუ უბრალოდ მოგვწონს და შორიდანაა მიმზიდველი? ამიტომ აქ მოსულ თითოეულ სტუდენტს პირადად ვუსვამთ კითხვებს და ეს პროცესი გასაუბრებასავითაა. ყოველთვის მაინტერესებს ვის რა გამოცდილება აქვს (თუ აქვს), ვის რა ინტერესი აქვს, ვინ რა პროფესიისაა, საერთოდ რა მიზნები აქვთ კურსის დასრულების შემდეგ და სად წარმოუდგენიათ საკუთარი თავი ამ სფეროში მომდევნო წლებში. ეს გასაუბრება, ნაწილობრივ, შთაბეჭდილებას მიქმნის სტუდენტებზე ერთად და ცალცალკე და ვხვდები, რომ ინდუსტრიას ყოველწლიურად ბევრ საინტერესო და ნიჭიერ არტისტს ვძენთ, რაც სასიამოვნო და საამაყოა ჩვენთვის.
აქედან გამომდინარე, დამწყებ არტისტებს, ვინც ახლა მოვიდნენ ჩვენთან, ან აპირებენ მოსვლას, ვურჩევ, პირველ რიგში, გულის ყურით მოუსმინონ საკუთარ თავს; იყვნენ გულწრფელები და თუ მართლა აინტერესებთ ეს სფერო, არ დაიშურონ შრომა, ძალისხმევა, ენერგია და დრო.
მთავარია, მუდმივად იმუშაოთ საკუთარ თავზე და შემოქმედებაზე; არ დაიღალოთ პროცესით, არ მიატოვოთ დაწყებული საქმე; მოუფრთხილდით თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტს – სმენას. რაც დრო გავა, მით უფრო მეტად დააფასებთ ყურს, შესაბამისად, უმთავრესია, პერიოდულად დაასვენოთ ყური და გამოიყენოთ დამცავები საკლუბო სივრცეებში.
რა ტექნიკები არსებობს დიჯეინგში, მიქსინგში ან თქვენ სხვა აქტიურ მიმართულებაში?
რთულია ვისაუბროთ, იმაზე თუ რა ტექნიკები არსებობს და უნდა მივყვეთ თუ არა კონკრეტულ ტექნიკას მუშაობის პროცესში. ასე ვიტყოდი, რომ რაც დრო გადის და ვითარდება სამყარო, მით უფრო გვიმარტივდება მუშაობა ნებისმიერ სფეროში. ხელოვნური ინტელექტის საშუალებით კი, ადამიანის როლის და ჩართულობა გარკვეულწილად შემცირდა, მუსიკაშიც კი. მართალია, ეს პროცესებს ბევრად უფრო მარტივს ხდის, თუმცა რთული ხდება იპოვო და შექმნა საინტერესო, სიღრმისეული ნამუშევარი, რაც ცალსახად დიდი ემოციის მატარებელი იქნება. მიმაჩნია, რომ მხოლოდ ადამიანს შეუძლია შექმნას ემოციური ნაშრომი.
საბოლოოდ, აღვნიშნავ რომ, ემოციები, გულწრფელობა, სილაღე , საქმის სიყვარული და უზომო შრომისმოყვარეობაა მთავარი როგორც ცხოვრებაში, ისე ამ სფეროშიც. ეს ძალიან დასაფასებელი და წარმატების უპირობო საწინდარია.
ისეთ სტუდენტებს, რომლებიც ჩვენს გულისცემას ფეხს უწყობენ და დიდ შრომას დებენ სასწავლო პროცესში, აუცილებლად ვაძლევთ საშუალებას გამოჩნდნენ კურსის დასრულებისთანავე ჩვენი სხვადასხვა პროექტესა და პლატფორმის საშუალებით. ჩვენთან, სკოლაში, საკმაოდ ცნობილი და გამოცდილი არტისტები უზიარებენ ცოდნას სტუდენტებს. ყველა ერთად ვცილობთ შევქმნათ ის გარემო, რაც შემოქმედებითობის უნარს გაუღვივებს სტუდენტს. უშუალო გარემოსთან ერთად, ვინარჩუნებთ აკადემიურობას და გვსურს აქ მოსვლისთანავე ყველა სტუდენტმა იგრძნოს, რომ საგანმანათლებლო სივრცეშია და კონკრეტული პასუხისმგებლობა აკისრია.
ჩვენი სკოლა არ აღიქმება როგორც კლუბი ან გასართობი სივრცე, აქ მთლიანი კულტურა და დისციპლინა ისწავლება, რაც საბოლოოდ, არა მხოლოდ მუსიკოსს, არამედ საცეკვაო მოედანზე მისულ ადამიანსაც დაეხმარება ჯანსაღ მსმენელად ჩამოყალიბებში.