თვითგანვითარების დღიური – ანა კორძაია-სამადაშვილი

ერთხელ ერთი დიდი მწერლის შვილის და მისი ცოლის საუბარს მოვკარი ყური. ქალი საყვედურობდა, მე არ მინდოდა იმ გამოფენაზე წასვლა და შენ დაიჩემე, წავიდეთ, წავიდეთო, და ხომ დაათვალიერე, და ახლა, რა, უფრო ჭკვიანი გახდიო? ამაზე კაცმა პასუხად მიუგო, ჭკვიანის რა გითხრა, მაგრამ უფრო მდიდარი რომ გავხდი, ეს ნამდვილად ვიციო.

მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ, რატომღაც, მივხვდი, რომ მნიშვნელოვანი რამ გავიგონე: თუ ბევრს ვნახავ, ბევრს მოვისმენ და ბევრს გავიგებ, მდიდარი გავხდები და ბედნიერი ვიქნები.

გამიმართლა: იმას ვსწავლობდი, რაც ძალიან მომწონდა და დღესაც მომწონს, და ჩემთვის ხელი არავის და არაფერს შეუშლია, შემეძლო, იმდენი მეკითხა, რამდენიც გამიხარდებოდა. გამიმართლა, რომ საუკეთესო პროფესორების ლექციების მოსმენის საშუალება მქონდა, შესანიშნავ მწერლებს შევხვდი და ყველაზე კარგი მთარგმნელები დაუნანებლად მიზიარებდნენ თავიანთ ცოდნას და გამოცდილებას. საშინლად მომწონს, როცა მასწავლიან, არა ჭკუას – დაგვიანებულია; რაც ვარ, ესა ვარ, – არამედ რამეს, რაც თავად კარგად იციან და რის კეთებაც თავად უხარიათ, და მერე, თუ სადავოდ მიდგა საქმე, ყოველთვის შემიძლია ვთქვა: ეს ამან და ამან მასწავლა, და ჩემს დიდ მასწავლებლებს რომ დაეჯერებათ, ჩემს საქმეებში ჩახედულმა ყველამ იცის.

მე გავიზარდე, და უამრავ სხვა რამესთან ერთად, ესეც შეიცვალა: სულ უფრო ნაკლებს ვსწავლობ. არა იმიტომ, რომ არ მაინტერესებს, მეზარება ან ვეღარ ვითვისებ, არამედ იმის გამო, რომ ჩემი დრო აჩქარდა, და თუკი ათი წლის წინათაც კი შემეძლო, ბასკური მემეცადინა ან საათობით მეწერა ჩინური იეროგლიფები, რომლების წერასაც არავინ მავალებდა და ეს საქმე არც გამომდიოდა დიდად, ახლა ამის ფუფუნება აღარ მაქვს. დრო ქვების სროლის და დრო ქვების შეგროვების – არ ვიცი, რომელი დადგა, მაგრამ სხვა დრო რომ დამიდგა, ეს ზუსტად ვიცი. ისიც ზუსტად ვიცი, რომ არასოდეს უნდა გადადო ახლის ნახვა, ახლის მოსმენა და ახლის სწავლა. სხვა ყველაფერი არსად გაიქცევა, მოიცდის.

 

ავტორი: ანა კორძაია-სამადაშვილი

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა