აფვეი თვითგანვითარების სივრცეა, რომლის მთავარი მიზანია ადამიანს დაეხმაროს მისი ძირითადი უნარების აღმოჩენაში.
დღევანდელ ბლოგში გიზიარებთ ჩვენი მომხმარებლის ბლიც ინტერვიუს, რომელშიც თათა ბებერაშვილი მოგვიყვება, თუ როგორ იპოვა აფვეის დახმარებით მისთვის საინტერესო კურსი, მიიღო ცოდნა და აღმოაჩინა საქმე, რომელიც უყვარს.
- გვითხარი რა არის შენთვის თვითგანვითარება
თვითგანვითარება ჩემთვის მუდმივი პროცესია, რომელშიც ყოველდღე რაღაც ახალს სწავლობ, იქნება ეს პროფესიულად თუ პიროვნულად. თვითგანვითარების სურვილი კი ჩემ შემთხვევაში მთავარი მოტივატორი აღმოჩნდა, რომელმაც მოკლე დროში კარიერული მიზნების მიღწევის შესაძლებლობა მომცა.
ვფიქრობ, თვითგანვითარების სურვილს მოსდევს თან შრომისმოყვარეობაც, პასუხისმგებლობაც და ყველა ის თვისებაც, რომელიც წარმატებისთვის გჭირდება.
- რატომ გადაწყვიტე გესწავლა უნივერსიტეტის პარალელურად
ჩემი უნივერსიტეტში სწავლის რამდენიმე წელი პანდემიას დაემთხვა, რის გამოც სიტუაციის გაანალიზების და ახალი ინტერესების აღმოჩენისთვის საკმაოდ ბევრი დრო მქონდა, ამიტომ უბრალოდ გამოვიყენე ეს პერიოდი და იმ მომენტში ჩემთვის სრულიად უცხო სფეროს კვლევა დავიწყე – ამ პროცესმა საბოლოოდ იმ საქმემდე მიმიყვანა, რომელიც მართლა მომწონს.
- რა იყო კურსის შეძენის მიზეზი
მგონია მარკეტინგის სფეროში ვინც მუშაობს ყველას ჰქონია მომენტები, როცა არ იცოდა ზუსტად რა პროფესიაში ხედავდა საკუთარ თავს. UX / UI ქოფირაითინგის კურსის არჩევას რამდენიმე მიზანი ჰქონდა:
1) რა თქმა უნდა, ახალი უნარების და ინფორმაციის შეძენა
2) მარკეტინგში საკუთარი თავის პოვნა
კურსის შემდეგ დავრწმუნდი, რომ სწორედ ქოფირაითინგის მიმართულებით მინდოდა განვითარება.
- რა და სად ისწავლე
UX / UI ქოფირაითინგი Smart Academy-ში, სადაც ქეთი დიასამიძე იყო ჩემი ლექტორი და ყოველთვის ყველას, ვინც ამ სფეროთია დაინტერესებული ამ კურსის გავლას ვურჩევ ხოლმე.
- რა შეიცვალა კურსის გავლის შემდეგ
კურსის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ქოფირაითინგის მიმართულება კიდევ უფრო დეტალურად მესწავლა, მქონოდა საკუთარი თავის რწმენა და ახალ გამოცდილებებზე უარი არ მეთქვა.
ამ ყველაფრის შედეგად მალევე მოვხვდი VELI.store-ის მარკეტინგის გუნდში ლექტორის რეკომენდაციით და უკვე 1 წელზე მეტია, რაც ქოფირაითერის პოზიციიდან საკუთარი წვლილი შემაქვს ველის ყოველდღიურად შექმნაში.
- როგორი იყო შენი გამოცდილება აფვეიზე
აფვეი განსაკუთრებით კომფორტული სასურველი კურსის ძიების პროცესში აღმოჩნდა, რადგან ცალკეული აკადემიების თუ სკოლების შემოწმება არ მიწევდა, ყველაფერი ერთ სივრცეში იყო მოქცეული.
- რას ურჩევდი დამწყებ ქოფირაითერებს
დამწყებ ქოფირაითერებს ვურჩევდი, რომ ბევრი რამ სცადონ – სხვადასხვა სფერო / მიმართულება და ზოგადად მარკეტინგის სფეროშიც მიიღონ ცოდნა, იმისთვის რომ უფრო დიდ მასშტაბში დაინახონ თავიანთი ნამუშევრების გავლენა შედეგებზე.
- და ბოლოს ერთი რჩევა თვითგანვითარების მსურველებს
თვითგანვითარების მსურველი რომ ხარ, ეგ უკვე კარგია და მგონია, რომ ყველაზე რთული ეტაპი ამით გადალახულია. რჩევა ასეთი ადამიანებისთვის ალბათ ის იქნება, რომ უბრალოდ საიდანმე დაიწყონ, რაღაც ნაბიჯი გადადგან და არ გადადონ წარმატება.
თათა ბებერაშვილი – ქოფირაითერი
არ გადადო თვითგანვითარება.