თვითგანვითარების დღიური – დავით გორგილაძე

მე პატარა კაცი ვარ. თვითგანვითარების, ტრენინგების, მოდად ქცეული
ქოუჩების, „მაიკროსოფტ ოფისის“ დამხეცებისა და მოთვინიერების არა გამეგება.
ინგლისურიც კი ვერ ვისწავლე ხეირიანად ამ ხნის კაცმა და მაინც ვდგავარ,
ბრტყელ-ბრტყელებს ვლაპარაკობ.

თუმცა ადამიანის გამოსწორებისაც მწამს და განვითარებისაც. ოღონდ განა ისეთი
განვითარების ნათესავ-მეზობლების თვალში რომ ჩაგეთვლება ან რეზიუმეს რომ
შეგიკოხტავებს. არა. ეგეთებისა, როგორც უკვე ვთქვი, სხვა ხალხს უნდა
ჰკითხოთ. მე უფრო იმ განვითარებისა მწამს და მჯერა, ადამიანი თავის
ცნობისმოყვარეობაში რომ გაბედნიერდება. ესეიგი თითო ნაბიჯით მაინც
მისწვდება პასუხებს.
კარგს რასმე საკითხავს ჩაუჯდება და ჩააბულბულებს. შეიძლება ორი-სამი დღის
შემდეგ პერსონაჟების სახელები მიავიწყდეს, შეიძლება ისიც ვეღარ გაიხსენოს
წიგნში რა ხდებოდა, მაგრამ განცდები ხომ მაინც არ მიატოვებს. თუ წიგნი კარგია
და თუ გულიც გულობს. როგორ ეუბნება ჰანეკეს ის მოხუცი პერსონაჟი თავის
ცოლს? ფილმში რა ხდებოდა არ მახსოვს, მაგრამ შეგრძნებები იცოცხლეო.
ან კიდევ გავა ქუჩაში და ივლის უმისამართოდ. მიჰყვება გზას და ეს გზაც სადმე
მიიყვანს. უცხო ადგილებს აღმოაჩენინებს და უცნობ ადამიანებს დაანახებს. მერე
ჩამოაჯენს სადმე სკამზე, აფიქრებს წარსულზეც, იმდღევანდელზეც და იქნებ
მომავალზე ფიქრმაც გაუელვოს. აოცნებებს და ვინ იცის, იქნებ
მტრედებისთვისაც დააყრევინოს პურის ნამცეცები.

გაატეხინებს ყულაბას, გინდ თიხისას, გინდ ელექტრონულს და გაიყვანს
საზღვრებს გარეთ. გამოჰკიდებს ცაში და ჩააფრენს უცხო მიწებზე. გაასინჯებს
სხვა გემოებს, ააცეკვებს სხვათა მუსიკაზე. მოაჭრევინებს თვალს ხელოვნებას
გარეთ მდგომსა და კედელზე ჩამოკიდებულს. ჩამოსვამს ბარის დახლთან.
მოაყოლებს უცხო მოყმეს ამ მთისას და იმ ბარისას და ეტყვის თავისას.
შეაყვარებს ვინმეს გულით, ვისთანაც სხვა ყველაფერთან ერთად ჩუმად ჯდომაც
გააბედნიერებს. გაატარებინებს მასთან წლებსა და ათწლეულებს. ან, რამდენიც
მათ გულებს გაუხარდებათ იმდენს.

დაასმევინებს შეკითხვებს და გზას გაუყენებს პასუხების საძიებლად.
ასეთი თვითგნავითარებისა მწამს და ასეთი ვიცი.

სხვანაირებზე ქოუჩებს ჰკითხეთ. ან შამანებს. ან ვისმე.

      upway.ge
      Logo
      რეგისტრაცია
      Compare items
      • Total (0)
      Compare
      კალათა