თვითგანვითარების დღიური – ალექსანდრე ლორთქიფანიძე

როგორი დაუოკებელი წყურვილია, იცი? რაც უფრო მეტს იგებ, უფრო მეტი გინდა.

ტანტალოსის ტანჯვაა. უძირო ქვევრი.

რომ გაიგებ რა არის დედამიწის მიღმა, მერე იმის მიღმა გაინტერესებს და სადაც ადამიანის თვალი და გონება ვეღარ წვდება, იმას უკვე წარმოიდგენ და იმაზე უკვე ოცნებობ.

უკვდავება გინდაო? – მკითხა ერთხელ ჩემმა მეგობარმა, – რატომ გინდაო, დაიტანჯებიო, საყვარელ ადამიანებს დაკარგავო. ტანჯვაა, აბა რა არის. თუმცა უკვდავება კეთილდღეობის ამბავი არაა, შემეცნებისაა. შემეცნებას გაეკიდა გილგამეშიც და შემეცნებაზე დაება ფაუსტიც.

ახლახანს იტალიურის სწავლა დავიწყე. აპლიკაციით, იტალიურის მცოდნე მეგობრების დახმარებით, ვიდეორგოლებით, რჩევებით, იმით, ამით. იტალიაში არ მივდივარ, არც ისე მჭირდება, მაგრამ მინდა ვიცოდე.

რამე უფრო სასარგებლო გესწავლაო, რაც გამოგადგებაო. ცოდნა გამოდგომაზეა? მგონი რომ არა. დაგეგმილი ცოდნა რა არის, ცოდნას სულ უნდა მისდევდე, ცხოვრების წესად იქციო თვითგანვითარება, განათლება, საკუთარი თავის მიქელანჯელო უნდა გახდე, გორჯოლო ქვისგან პიროვნება გამოთალო.

საერთოდ, შეიძლება გინდოდეს, რომ რამე არ იცოდე? ცუდი ამბავი. საკუთარი ნაკლი. ღალატი. რა შეიძლება კიდევ? მგონი, ეგენიც უნდა იცოდე. ყველაფერი უნდა იცოდე.

წყურვილს უნდა გრძნობდე და იკლავდე და ვერ იკლავდე.

მაგ ცნობისმოყვარეობამ მოგვიყვანა აქამდე, სწავლის სურვილმა, შემეცნების ვნებამ. იმ ვაშლის გემოდან დაწყებული, მარსის კოლონიზაციით დამთავრებული. რამდენი შევეწირეთ შემეცნებას, რამდენი მომწამლავი ხილი გავსინჯეთ, სანამ მივხვდებოდით, რომელი ვარგოდა საკვებად, რამდენი რამ ვხარშეთ და ვწვით, სანამ საუკეთესო კონდიციას მივაგნებდით. რამდენი ველური ცხოველის მოშინაურება ვცადეთ, რამდენმა დაგვგლიჯა, რამდენ ხევში გადავიჩეხეთ, რამდენი თვითმფრინავი ჩამოგვივარდა, რამდენი შატლი აგვიფეთქდა, რამდენმა ქიმიურმა ელემენტმა მოგვწამლა, რამდენმა ექსპერიმენტმა გაგვაუბედურა. სულ ვაშლის ჭამაა ეგ.

ვაშლი კიდევ, შესაჭმელად რომ არ ყოფილიყო, სულ არ დარგავდნენ იმ ედემის ბაღში.

არსებობენ უცხოპლანეტელები?

upway.ge
Logo
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
Compare items
  • Total (0)
Compare
კალათა