
Women’s History Month – ასე პოზიციონირდება გაზაფხულის პირველი თვე, რომელიც ქალთა დღის აღსანიშნავი თარიღის, გაცილებით მასშტაბურ პერიოდში გავრცელებაა და ქალთა ისტორიულ ბრძოლას ეხმიანება. მსოფლიო ისტორიის განმავლობაში, ქალებს სხვადასხვა დროს, იმდენად ფუნდამენტური უფლებებისთვის უწევდათ ბრძოლა, როგორიც თავისუფალი არჩევანის უფლება, ხმის უფლება, დასაქმების და ღირსეული ანაზღაურების უფლება, სამუშაო ადგილზე თანაწორი პირობების მიღება და ყველაზე მნიშვნელოვანი – განათლების უფლება იყო. დღემდე მიმდინარე ისტორიული ბრძოლის შედეგად, მსოფლიოს უდიდეს ნაწილში, ქალებმა შეძლეს და მოიპოვეს ზემოთ ჩამოთვლილი უფლებები, გახდნენ წარმატებულები თავიანთ არჩეულ საქმიანობებში და ცდილობენ თავიანთი უნარები, სხვებსაც გაუზიარონ.
პლატფორმა UpWay.ge სამი ქალის მიერ დაფუძნებული, კურსების ყველაზე მრავალფეროვანი სივრცე, განათლების გავრცელების და ქალთა ჩართულობის მხარდამჭერია. “Women’s History Month”, მარტში, რამდენიმე ქალის შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც დღეს განათლების გავრცელებას უწყობენ ხელს.
დღევანდელ ბლოგში სამი აკადემიის ქალ დამფუძნებელს გაგაცნობთ. რომლებიც ადამიანის ცხოვრებაში, განათლების მნიშვნელობასა და როლზე გვესაუბრებიან. ასევე ქალის როლზე განათლების გავრცელების პროცესში და იმ გამოწვევებზე, რომელსაც შეიძლება ამ გზაზე შევხვდეთ.
მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი
HEADVICE, დამფუძნებელი და დირექტორი
განათლება სისტემური სწავლების პროცესია რომელიც აფართოვებს თვალსაწიერს, გვაძლევს პოტენციურ ძალას და საშუალებას რომ ეს ძალა ნამდვილი გახდეს პრაქტიკაში.
თუმცა ბევრი განათლებული ადამიანი ვიცი ვინც ცოდნას მხოლოდ თაროზე შემოაწყობს და პრაქტიკაში აღარ გადააქვს.
ამიტომ განათლების გაგება და აღქმა ვფიქრობ განსხვავებული გვაქვს ადამიანებს, შეიძლება მას დიდი ადგილი ეჭიროს თქვენს ცხოვრებაში მაგრამ მცირე პრაქტიკული გამოყენება ჰპოვოს და პირიქით, შეიძლება არც თუ ისე დიდი იყოს მისი არეალი თუმცა მას ოპტიმალურად იყენებდეთ პრაქტიკაში.
ვფიქრობ გენდერული ბალანსი განათლებაში, ისევე როგორც სხვა მიმართულებებში მნიშვნელოვანია. განათლებაში ქალების აქტიურ ჩართულობას მოწმობს ტრენინგების მონაწილეთა სტატისტიკაც სადაც ხშირად მონაწილეთა 90% ქალია.
გამოწვევა იყო ის რომ არაფორმალური განათლება არაფრად მიაჩნდათ მაშინ როდესაც დავიწყე ამ მიმართულებით განვითარება. მეუბნებოდნენ რომ ეს ფუფუნების საგანია, ამაში არავინ გადაიხდის და ასე შემდეგ.
შემდეგ გავიარეთ ბევრი მცდელობა, ბევრი უარიც. რამდენიმე წელი მოგების გარეშე ვმუშაობდით იმისთვის რომ ეს თემა წინ წამოგვეწია და სისტემურად გაგვეფართოვებინა ის ვიწრო წრე რომლისთვისაც არაფორმალური განათლება მნიშვნელოვანი იყო.
დღეს უკვე არაფორმალური განათლება მოწინავე ხაზზეა და მისი საჭიროება სულ უფრო იზრდება.
დრო ძალიან აჩქარდა და არაფორმალური განათლება საკმარისად მოქნილია იმისთვის რომ ადამიანების მრავალმხრივი განვითარება უზრუნველყოს მოკლე დროში.
ელენე ბერეკაშვილი
COLAB – კოლაბი, თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
განათლება ჩემთვის სამოძრაო ძალა და ის იარაღია, რითიც შემიძლია შევქმნა საკუთარი თავისთვის ისეთი ცხოვრება როგორსაც ვხედავ მომავალში.
ქალების ჩართულობა განათლებაში კოლაბის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენს რეალობაში ხშირად ვაწყდებით ამ მხრივ პრობლემებს, განსაკუთრებით რეგიონებში სადაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქალი, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს შესაბამისი განათლება და დაეუფლოს ახალ პროფესიებს თუმცა არ ეძლევა ამის შესაძლებლობა და საშუალება. ამ ხრივ ახლო მომავალში ვაპირებთ გავიდეთ რეგიონებში და მომხმარებელს შევთავაზოთ მათთვის საინტერესო და რაც მთავარია საჭირო პროდუქტი, შესაბამისი გრაფიკითა და პირობებით.
გამოწვევები ბევრი იყო, ბევრი სირთულის გადალახვა და დაძლევა მოგვიწია რომ მიგვეღწია იმ შედეგისთვის რაც ახლა გვაქვს. ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი ალბათ იმ კონცეფციის შექმნა იყო რომელზეც კოლაბის სტრუქტურაა აგებული. დიდი ხანი ვმუშაობდით ისეთი პროდუქტის შექმნაზე, რომელიც ჩვენ თითონვე გვენდომებოდა რომ მიგვეღო სასწავლო აკადემიისგან.
მაკო ქურთიაშვილი
Smart academy, თანადამფუძნებელი და გენერალური მენეჯერი
განათლების როლი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველდღიური, მარტივი საჭიროებების გარდა, ადამიანს აქვს წინსვლის მუდმივი მოთხოვნილება, რაც დაკმაყოფილდება იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების თითოეული წევრი თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარი გონებრივი უნარ- ჩვევების განვითარებასა და წინსვლაზე.
გარდა ამისა, სადაც განათლებაა, იქ ნაკლები ბრაზი, აგრესია და რეგრესია. როგორც ნათქვამია “ცოდნა სიკეთეა”, ან პირიქით- “სიკეთე არის ცოდნა”.
საბედნიეროდ, უკვე საგრძნობი პროგრესი შეინიშნება განათლებაში ქალების ჩართულობის მიმართულებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში იმისათვის, რომ ქალებს მიეცეთ სრული ეკონომიკური თავისუფლება და შეძლონ ბოლომდე გამოიყენონ ის რესურსი და პოტენციალი, რომელიც მათ გააჩნიათ. ასევე იმისათვის, რომ დაიმსხვრეს ზოგიერთი მახინჯი და ჯერ კიდევ არსებული სტერეოტიპი ქალების გონებრივ შესაძლებლობებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე განათლების მიღების უამრავი ალტერნატიული გზა არსებობს, ზოგიერთი ქალი განათლების მიღმა რჩება მხოლოდ იმიტომ, რომ დედაა, ცოლია და ა.შ. ეს უკვე სხვა პრობლემამდე მიდის, თუმცა, ყოფით რეალობაში არსებულ პრობლემებს რომ დავუბრუნდეთ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი რეგიონები, სადაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვს მოსახლეობას, ხოლო ბავშვებს სკოლამდე მისასვლელი გზა. ამ მხირვ, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა, თუმცა ვფიქრობ, რომ პროგრესი მაინც არის.
მე გამიმართლა და ცხოვრების არცერთ მონაკვეთში არ მქონია დაბრკოლება მიმეღო ფორმალური განათლება. ზოგადად, განათლება უწყვეტი პროცესია, როცა გსურს განვითარდე, ყოველდღიურად ყველაფერში ხედავ შესაძლებლობას, რომ ისწავლო რაღაც ახალი, ეს შეიძლება წიგნის კითხვა იყოს, შეიძლება მოგზაურობა, ან თუნდაც ქუჩაში სეირნობა და ქალაქის თვალიერება, ახალ ადამიანებთან შეხვედრა და ურთიერთობა და ა.შ.
შეგახსენებთ რომ headvice, Colab და Smart academy-ს კურსები, მარტივი საძიებო სისტემის დახმარებით, შეგიძლიათ ჩვენს საიტზე იპოვოთ და შეარჩიოთ თქვენთვის საინტერესო კურსი შეარჩიოთ.
upway ყოველთვის იქნება თქვენი თვითგანვითარების მეგზური!